აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ირკვევა, ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ირანისგან ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობი შეიძინა. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება.
„შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს Shandong Shengxing Chemical Co, Ltd-ის, ჩინეთში მდებარე მცირე დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ირანული ნავთობის შესყიდვისთვის“, – განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
აშშ-მა სანქციები დააწესა ასევე რამდენიმე კომპანიისა და გემის წინააღმდეგ, რომლებიც ირანულ ნავთობს ჩინეთს აწოდებდნენ.
„ირანი რადგან ცდილობს, ნავთობის გაყიდვით მიიღოს შემოსავალი თავისი დესტაბილიზაციური საქმიანობის დასაფინანსებლად, შეერთებული შტატები პასუხისგებაში მისცემს როგორც ირანს, ასევე ყველა მის პარტნიორს, რომლებიც სანქციებს თავს არიდებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გეგმავს, ნულამდე დაიყვანოს ირანული ნავთობის არალეგალური ექსპორტი, მათ შორის, ჩინეთში.