2012-2016 წლებში ბეწვის ხიდზე იარა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდმა, განსაკუთრებით ის ოთხი წელი, რადგან კოალიცია იყო და ეს კოალიცია შედგებოდა მათ შორის ისეთი პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც აგენტურით იყო დაკომპლექტებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აქ არ იგულისხმება ყველა, თუმცა კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერები „დიფ სთეითის“ აგენტურის წარმომადგენლები იყვნენ.
„წარმოიდგინეთ, ოთხი წელი რა მასშტაბის მანევრირება უწევდა „ქართულ ოცნებას“. ასეთ პირობებში ზეწოლის ინსტრუმენტები იყო ბევრად უფრო ძლიერი. გეტყოდნენ, ეს არ დაიჭირო – ვერ დაიჭერდი; ეს დაიჭირე და ა.შ. პირდაპირ ასე მიდიოდა გარჩევა, რომ „ნაცმოძრაობის“ ეს დამნაშავე არ შეგიძლია დაიჭირო, ეს დამნაშავე შეგიძლია, დაიჭირო. ყველამ იცოდა, რომ დამნაშავეები იყვნენ, მაგრამ არ შეიძლება სააკაშვილის დაჭერა, იმის დაჭერა, ამის დაჭერა და ა.შ. პირდაპირ ახარისხებდნენ აგენტებს, არააგენტებს. „ნაცმოძრაობაშიც“ ხომ ასე იყო, დამნაშავე შეიძლება იყო ადამიანი, მაგრამ ვიღაც იყო ხელმოწერილი აგენტი და ვიღაც არ იყო ხელმოწერილი აგენტი. ხელმოწერილი აგენტი არ შეიძლებოდა დაგეჭირა, ვიღაც თუ არ იყო ხელმოწერილი აგენტი, შეგეძლო დაგეჭირა. ასეთი დამოკიდებულება იყო, რა თქმა უნდა, შეზღუდული იყო ჩვენი სუვერენიტეტი და ამის გამოხატულება იყო გახარიას გაპრემიერებაც, მაგრამ, მადლობა ღმერთს, 2021 წლიდან ჩვენ ამ დამოკიდებულებისგან არსებითად გავთავისუფლდით. ახლა აღარ გვიწევს ასეთი ტიპის კომპრომისებზე წასვლა იმისთვის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები ბოლომდე მკაცრად დავიცვათ“, – აღნიშნა პრემიერმა.