„სილქნეტი” 20 000–ლარიან ჯარიმაზე განმარტებას „კომერსანტთან” აკეთებს. როგორც ცნობილია, სოციალურ ქსელში არსებულმა გვერდმა ,,შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე” ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტის მესამე პირისთვის გადაცემაზე „სილქნეტმა” აბონენტი შესაძლოა 20 000 ლარით დააჯარიმოს.
,,20 000 ლარით დაჯარიმდებით, თუ თქვენს ინტერნეტს სხვაც მოიხმარს ( მესამე პირისთვის გადაცემა ), ანუ Wi-Fi ზე თუ არ გაქვთ პაროლი და მეზობელმა გამოიყენა თქვენი ინტერნეტი, კომპანია ,,სილქნეტს” შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ და ამას მარეგულირებელიც დაეთანხმება და იტყვის ხელშეკრულება დაარღვიეთო.
ასევე, თუკი კაფეში ან რესტორანში უფასო ინტერნეტი აქვთ, ხელშეკრულებით შეუძლიათ ჯარიმის დაკისრება. ისე, ცნობისთვის, ევროპაში შემხვედრია კაფეები / სხვადასხვა დაწესებულებები რომლებსაც აქვთ უფასო Wi-FI და ასევე ფასიანი Premium პაკეტები ( მაგ:რეკლამების გარეშე, ულიმიტო დრო / სიჩქარე და ა.შ ) და საქართველოში იგივე პროვაიდერების ხელშეკრულების მიხედვით 20 000 ლარით დააჯარიმებენ ( მესამე პირისთვის მიწოდება/გაყიდვა ) მარეგულირებელმა ეს ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ არ რეაგირებს”-ნათქვამია გვერდის ,,შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„კომერსანტი” დაინტერესდა, რატომ დადგა „სილქნეტთან” დადებული ხელშეკრულებაში 20 000–ლარიანი ჯარიმის ჩადების აუცილებლობა, როდიდან ამოქმედდა აღნიშნული ნორმა და კონკრეტულად ვისზე გავრცელდება?
„სილქნეტში” აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია გათვალისწინებულია სილქნეტის სააბონენტო ხელშეკრულებებში და ეს არ არის ახალი ნორმა. მათი განმარტებით, ის სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. მათი ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის შესაბამისად, ბოლო მომხმარებელი (აბონენტი) ეს არის პირი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებელზე. შესაბამისად, როდესაც კომპანიასა და აბონენტს შორის ფორმდება სააბონენტო ხელშეკრულება, ეს რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ აქვს უფლება აღნიშნული მომსახურება გადასცეს სხვა პირებს და მომსახურების მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ აბონენტის მიერ საკუთარი მოხმარებისთვის.
სრულად იხილეთ commersant.ge