ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, არსებობს ასეთი პრეცედენტები, თუმცა ეს არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაგზავნოს საკუთარი მისია საქართველოში და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.
„ჩვენ ველოდებოდით რეგისტრაციის ვადის ამოწურვას, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ გვქონოდა სრული სურათი არჩევნების საერთო მიმდინარეობასთან დაკავშირებით. დავინახეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს რადიკალური ოპოზიციური პარტიებიდან ორი, შესაბამისად, არჩევნები მთლიანობაში ჩატარდება კონკურენტულ გარემოში. ნახევარზე მეტში მოახერხეს კანდიდატურების დასახელება, ეს სურათი მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ ჩვენ მიგვეღო საბოლოო გადაწყვეტილება. არჩევნებამდე დარჩენილი ოთხი კვირა, შესაბამისად, ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა დააკომპლექტოს საკუთარი მისია და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აქამდე თქვენ ხედავდით, რომ მშვიდ ვითარებაში წარიმართებოდა პროცესები, რეალურად დაახლოებით 2 კვირის წინ დაიწყო ადგილობრიოვი თვითმმართველობისთვის სამზადისი, საარჩევნო კამპანია, შესაბამისად, დასაკვირვებელი აქამდე არაფერი იყო, ახლაც საკმაოდ მშვიდ ვითარებში წარიმართება საარჩევნო პროცესები თუ არ ჩავთვლით „ნაცი“ ტიტუშკების რამდენიმე აქტს, რომელიც განხორციელდა ჩვენს ერთ-ერთ სარჩევნო შტაბთან, დანარჩენი აბსოლუტურად მშვიდად წარიმართება საარჩევნო კამპანია.
ყველანაირი დრო არსებობს იმისათვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაგზავნოს საკუთარი მისია საქართველოში და დააკვირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ასევე მინდა, შეგახსენოთ, რომ ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, არსებობს ასეთი პრეცედენტები, თუმცა ეს არ არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.