პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება უსამშობლოების მხრიდან პროვოკაციას მოჰყვა.
მისივე თქმით, შტაბთან რაც მოხდა, იყო რადიკალების მხრიდან ორგანიზებულ პროვოკაციაზე პასუხი. ირაკლი ზარქუას შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით საელჩოებმა განცხადებები უნდა გააკეთონ.
„გუშინ რაც ვიხილეთ, არის დემონსტრირება, რომ უსამშობლოები და მათი დამფინანსებლები სექტემბრიდან ვითარების გამწვავებას ელოდებიან. მერამდენე დღეა, მმართველი პარტიის საარჩევნო უბანთან უსამშობლოების მიერ დაქირავებული ახალგაზრდები დგანან. ქალი, კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, უშვერი სიტყვებით ილანძღებიან და ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ. რუსთაველის გამზირზე 15-20 კაცი რომ იკრიბება, ვინმე ხელს უშლის? მმართველი პარტიის ოფისთან მოვიდნენ, ლანძღავენ, იგინებიან და ბოლოს და ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა, რაც უნდოდათ. ეს იყო პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან. სად არიან საელჩოები, ევროკავშირის ელჩი? ამ დღეების განმავლობაში რაც ხდება, რატომ არ დაგმეს? აბა, პირიქით გაგვეკეთებინა. ახლა ხმას რატომ არ იღებენ? ეს არის ორმაგი სტანდარტი. არავის მოეწონა, რაც მოხდა, მაგრამ ფაქტია, პროვოკაციაზე პასუხი იყო, რაც ვიხილეთ, ეს კარგი და ლამაზი არ არის. რა ინფორმაციაც მაქვს, ამ თემაში შესაბამისი უწყება ჩართულია, მიმდინარეობს საქმის შესწავლა და მტყუან-მართალი გაირკვევა. ახალგაზრდებს, ვინც უსამშობლოებმა დაიქირავეს, მოვუწოდებ, ეს ყველაფერი აირიდონ, ნუ გამოაყენებინებენ თავს. მათი ამოცანაა, წინასაარჩევნოდ ვითარება დაძაბონ და ქაოსი შემოიტანონ. კანონიც და შესაბამისი პასუხიც არ დააყოვნებს. სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა, ქაჯები იდგნენ, რომლებიც იწყევლებიან და იგინებიან. ქალის სიტყვაა, რასაც ისინი კადრულობდნენ? იქ ქალები არ იდგნენ, იქ იდგნენ პროვოკატორი ქაჯები, რომლებიც იწყევლებიან, ილანძღებიან და იგინებიან. შემდეგ ამაზე პასუხია. ბუნებრივია, მეორე მხარესაც არიან ახალგაზრდები, ემოციურები არიან. რადიკალების მხრიდან იყო ორგანიზებული პროვოკაცია და ამ პროვოკაციაზე იყო პასუხი. საელჩოები დუმან, ისევე როგორც ევროკავშირის და გერმანიის ელჩი. სად ხართ, რატომ იმალებით, ხმას რატომ არ იღებთ? ამ სცენარს ელოდებიან? ელოდებიან, რომ ქართველმა ქართველს ურტყას და დაიძაბოს ვითარება? შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, რომ აქ დიქტატურაა? ვერ ეღირსებიან. მათი უნიათო პოლიტიკის გამო ევროკავშირი ჩამოგენგრათ თავზე და რუსეთი კიდევ უფრო ძლევამოსილი გახდა, რადგან უნამუსოები, არაკომპეტენტურები, ლაჩრები არიან. ამის გამო შემდეგ სამართლიანი და ობიექტური საზოგადოება იჩაგრება მთელ მსოფლიოში. გამოვა რომელიმე ელჩი და ჩვენი პარტიის მიმართ რამეს იტყვის? ათმაგს ვეტყვით მათი უნამუსობის შესახებ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.