არის მიზანი, რომ ჩვენ ეს არჩევნები აუცილებლად ძალიან დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ და გვაქვს ამბიცია, რომ ეს უნდა იყოს რეკორდული მაჩვენებელი. ამას აუცილებლად მივაღწევთ, იმიტომ რომ მოსახლეობის განწყობა და მათი დამოკიდებულება ძალიან კარგად ჩანს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლილო-ორხევის ოლქში მამუკა ხაბარელმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“. მისივე თქმით, მოსახლეობისგან იგრძნობა მადლიერების გრძნობა იმ პროექტების გამო, რაც კახა კალაძის მერობის პერიოდში თბილისში განხორციელდა.
ხაბარელმა ასევე თავისთვის პრიორიტეტული საკითხები ჩამოთვალა.
„ბუნებრივია, სპორტული მიმართულება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა იცით, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ და მიწევს ჩემს რაიონთან ძალიან დიდი სიახლოვე. ბუნებრივია იმ ადამიანების პრობლემებზე ზრუნვა, რომლებთანაც ყოველდღიური შეხვედრა მაქვს, განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება ჩემთვის“, – აღნიშნა ხაბარელმა.
მან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ მას არ შეხვედრია კონკურენტი, რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატების მსგავსად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
„ბუნებრივია, კონკურენტები გვყავს, მაგრამ მე ყოველდღიურად ვმართავ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ჯერ არ შემხვედრია, რომ მსგავსი შეხვედრები მათ ჰქონდეთ. როგორც წესი, მთელი ოპოზიციური ველი არ მართავდა წინასაარჩევნო შეხვედრებს წინა არჩევნებზე. ისინი იყვნენ ორიენტირებულები უცხოეთზე, გარე ძალებზე და მხოლოდ იქ გადიოდნენ საარჩევნო კამპანიას და საერთოდ არ იყვნენ ჩართულები მოსახლეობასთან ურთიერთობაში. დღესაც შეიძლება შეინიშნებოდეს ასეთი მიმართულება“, – აღნიშნა ხაბარელმა.