პატრიოტთა ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა იქნება-ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი წერს.
“ოთარ ჭითანავა- პროფესიით დიპლომატი და ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. 1995-2002 წლებში მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში, სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე. იყო „ტასისის“ ცნობილი პროექტის მრჩეველი, რომელიც ამზადებდა სახელმწიფო მოხელეებს და მუშაობდა აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ რეფორმებზე. 1998-1999 წლებში იყო სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი,
აქვს საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება, იყო საჯარო დიპლომატიის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვწეობას შავი ზღვის უნივერსიტეტში. იყო ლექტორი დარგობრივი ეკონომიკის მიმართულებით.
სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი კომიტეტის წევრი, ეროვნული საბჭოს მთავარი კომიტეტის წევრი. დღემდე ხელმძღვანელობს რეგიონული განვითარებისა და მხარდაჭერის საქველმოქმედო ფონდს. არის სპორტის ოსტატი ცხენოსნობაში, საქართველოს ნაკრების წევრი 1985-1998 წლებში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ცხენოსნობის კლასიკურ სახეობებში. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებს. ცხადია, ფლობს ქართულს. ბუნებრივია, ფლობს მეგრულს და ლაზურს”-წერს ინაშვილი.