„მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით კონკრეტული მონაკვეთი დასრულდა, თაროზე შემოიდო და სინათლეს ვერ იხილავს, მაგრამ ალბათ გაგრძელდება დამაზიანებელი მოქმედებები, რაც ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ვიხილეთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილის თქმით, მმართველ გუნდში სჯერათ, რომ არსებობენ ისეთი კონგრესმენები, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვას შანსს აძლევენ და ამ პროცესს საღად უყურებენ.
„ეს კონკრეტული მონაკვეთი დასრულდა, თაროზე შემოიდო და სინათლეს ვერ იხილავს, მაგრამ მსგავსი დამაზიანებელი ნაბიჯები გაგრძელდება. გვჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, არიან კონგრესმენები, პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვას შანსს აძლევენ და ამ პროცესს საღად უყურებენ. ამერიკის ინტერესები არ არის რაღაც იდეოლოგის ქვეშ რომელიმე ქვეყანაზე შტურმი, პირიქით, ჯერ რასაც ვხედავთ, მათი ინტერესია, ყველა სახელმწიფოსთან საერთო ინტერესების კონტურები გამოიკვეთოს. როგორც ჩანს, ეს მონაკვეთი დასრულდა, მაგრამ ალბათ გაგრძელდება ის დამაზიანებელი მოქმედებები, რაც ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ვიხილეთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.