საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის, ემზარ გაგნიძის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა ესპანეთში 544 000 ევროს ღირებულების სახლი იყიდა და თანხის უკანონო წარმომავლობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ბურჭულაძემ საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
მისი განმარტებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ სხვადასხვა მეთოდებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 593 212 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.
“2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა, 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მნის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა-შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს, ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში ნუში ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმომავლობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება. ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია”, – განაცხადეს სუს-ში.