აქვს თუ არა კავშირი “ჰექსოგენის შემოტანის” საქმესთან “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ მაღალჩინოსანს – “პრაიმტაიმის” გავრცელებული ინფორმაციით, კვალი ბაჩო ახალაიამდე მიდის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინიდან, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის საქმეში, ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლიან.
ახალაიას დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” “ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან წყარომ მიაწოდა. ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლემ, გუშინ ანი წითლიძის პოსტის კომენტარებშივე, გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და დაიმუქრა, რომ დაასახელებს, თუ ვინ გასცემს მსგავს ინფორმაციას პარტიის რიგებიდან.
მმართველ გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთება.
როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია აცხადებს, ბაჩო ახალაიასგან არაფერია გასაკვირი, რადგან მისივე თქმით, ახალაიას, ქვეყნისთვის “ბევრი სისაძაგლე აქვს გაკეთებული”:
“გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთება, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას – ამ ადამიანს, როცა ის იყო ხელისუფლებაში, იმდენი სისაძაგლე აქვს გაკეთებული ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის, რომ მისგან არაფერი არ გამიკვირდება. ფაქტია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკვე წლებია ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და მათი საქმიანობა დაკავშირებულია პირდაპირ ქვეყანაში სიტუაციის არევასთან და სახელმწიფო გადატრიალებასთან. ლორთქიფანიძე წლების განმავლობაში იყო კრიმინალი, როდესაც ის იყო “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ხელისუფლებაში, მას არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი და სამწუხარო ფაქტია ის, რომ დღეს, უკრაინის სახელმწიფო, მას მაღალი თანამდებობაზე ამუშავებს. ლორთქიფანიძე რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიფიქრებს და განახორციელებს, ამაში არაფერია გასაკვირი. ბაჩო ახალაიას რაც შეეხება მისგან არაფერი გამიკვირდება. მე მფიქრობ, რომ მაინც გამოძიებას უნდა დაველოდოთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამომწურავ პასუხს გასცემს საზოგადოებას,”– აცხადებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.