ძალიან კარგად იციან, რომ კრახით დამთავრდება მათ მიერ დაანონსებული 4 რიცხვის რევოლუცია, მაგრამ ამავე დროს აღებული აქვთ თანხები, რომ დესტაბილიზაცია შექმნან საქართველოში. ამას, რომ ვერ გააკეთებენ ესეც იციან და ამიტომ იპოვეს გამოსავალი, რომ „რა ვქნათ, ეს ტირანული სახელმწიფო გვაპატიმრებს, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, რადიკალებმა კარგად იციან, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში დააკავებენ და ამაზე მიზანმიმართულად მიდიან. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, მათ დაკავება პატრონებთან თავის მართლებისთვის სჭირდებათ.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერანაირი არაკანონიერი და ძალადობრივი მეთოდებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ვერ მოახდენენ. მაგრამ ამავე დროს არიან მეორე დილემის წინაშე. ისინი პერმანენტულად იღებდნენ თანხებს. ერთ შემთხვევაში ხაბეიშვილზე პრემიერ-მინისტრმაც კი განაცხადა, მეტსახელიც კი დაასახელა, როგორ აწერდა უწყისებში ხელს და როგორ იღებდა ამ თანხებს. მეორე შემთხვევაში უკვე გაცხადებულად, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის ლამის, ვითომ მემკვიდრეობით მიღებული თანხა ერიცხება პერმანენტულად რუსეთის ბიუჯეტიდან.
ხელისუფლება ერთსაც და მეორესაც აფრთხილებდა, რომ ისინი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისკენ მიდიოდნენ და ამას შეიძლება შედეგი მოჰყოლოდა. მაგრამ მიუხედავად ამ გაფრთხილებისა ეს მაინც გააკეთეს. რატომ? პასუხი არის ლოგიკური, მხოლოდ ერთადერთი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ კრახით დამთავრდება მათ მიერ დაანონსებული 4 რიცხვის რევოლუცია, მაგრამ ამავე დროს აღებული აქვთ თანხები, რომ დესტაბილიზაცია შექმნან საქართველოში. ამას რომ ვერ გააკეთებენ ესეც იციან და ამიტომ იპოვეს გამოსავალი, რომ „რა ვქნათ, ეს ტირანული სახელმწიფო გვაპატიმრებს და გვიშვებს ციხეში, თორემ რა თქმა უნდა კიდევ უფრო მაგრად გავაღვივებდით დესტაბილიზაციას“. თავის პატრონებს აჩვენებენ, რომ ისინი ტყუილად არ გამოიმუშავებენ ამ თანხას“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.