ქუთაისში 720 დევნილ ოჯახს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა.
დევნილ ოჯახებს ახალი ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი დევნილებისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ასახავს.
მთავრობის მეთაურმა დევნილთა განსახლების მიმართულებით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტებზე ისაუბრა.
„იყო დრო, როდესაც ადამიანს და მის ღირსებას არ ჰქონდა არავითარი ფასი. ასეთი იყო ხელისუფლების დამოკიდებულება და ეს რადიკალურად შეიცვალა 2012 წლის შემდეგ. დღეს, ხელისუფლების პირობებში, ადამიანი არის მთავარი ზრუნვის საგანი, ამაზე არის ორიენტირებული მთლიანად ჩვენი პოლიტიკა. 2012 წლის შემდეგ მიღებულ იქნა ახალი კანონი, დადგინდა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც სამართლიანად წარიმართება განსახლების პროცესი. ძალიან დიდი ინვესტიციები ჩაიდო ამ მიმართულებით, აშენდა არაერთი საცხოვრებელი, რითაც ათასობით დევნილმა ოჯახმა ისარგებლა.
პროექტები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს, თავისი მასშტაბით არის უპრეცედენტო. ერთდროულად 5 ქალაქში, – ქუთაისში, თბილისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში, ათასობით ოჯახისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი. ამ ყველაფრის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 6 000 000 ლარს. წარმატებით ხორციელდება „სოფლად სახლის“ პროექტიც, რომლის ფარგლებში 12 000-მა ოჯახმა უკვე შეიძინა საკუთარი სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა დევნილთა მხარდასაჭერად განსაზღვრული ბიუჯეტის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხები 25 მილიონიდან 240 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ ახალი საცხოვრებელი დაახლოებით 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, რაც ხელისუფლების დამოკიდებულების ცვლილებაზე მეტყველებს.
დევნილთა მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
პრემიერ-მინისტრმა სიმბოლურად, არქანიების ოჯახს ბინის გასაღები გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.