საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.5-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ექსპლუატაციაში 2026 წელს შევა და ნებისმიერი ტიპის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს.
მთავრობის მეთაურმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანისგან და გენერალური დირექტორის – ლევან მოსეშვილისგან მიიღო.
სამშენებლო სამუშაოების შედეგად, რომლის ღირებულება 239 500 000 ლარს შეადგენს, ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას დაემატება საჰაერო ხომალდის 4 სამიმოსვლო ბილიკი, საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა 17-მდე გაიზრდება.
პრემიერ-მინისტრი გაეცნო საზღვრის კონტროლის ავტომატიზირებული სისტემის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთისათვის საჭირო დროის შემცირებას, პროცედურის გამარტივებას და აეროპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აეროპორტში ასევე ფუნქციონირებს ელექტრონული გეითები. წლის ბოლოს გაიხსნება ბიზნეს ლაუნჯი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება.
2026 წლის პირველი კვარტლიდან მგზავრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სწრაფი გასასვლელის სერვისი, რაც უზრუნველყოფს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას.
“ქუთაისის აეროპორტში მოეწყობა ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საქართველოში, რომელსაც ყველა ზომის ხომალდების მიღება შეეძლება. სხვა მიმართულებითაც ვითარდება ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა. დეტალურად გავეცანით პროექტის მიმდინარეობას. ყველაფერი კეთდება დაგეგმილ ვადებში. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა უზრუნველყოფს ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის თვისებრივად გაზრდას. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ყველაზე მზარდია მგზავრთნაკადის თვალსაზრისით ქუთაისის აეროპორტი და ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტით ხელი უნდა შევუწყოთ მგზავრთნაკადის კიდევ უფრო გაზრდასა და აეროპორტის სისტემურ და სისტემატურ განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე დაათვალიერა აეროპორტის სამეთვალყურეო კოშკურა, საიდანაც თვითმფრინავების მოძრაობის სრულ კოორდინაციას ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და სამიმოსვლო ბილიკებზე საქაერონავიგაციის 14 ავიამეთვალყურე უზრუნველყოფს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები 17 ქვეყნის 32 მიმართულებით სრულდება.