საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას აკრედიტებული დიპლომატები ხელს არ უნდა უწყობდნენ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ექსტრემიზმს საგარეო მხარდაჭერა ასულდგმულებს.
„საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას ხელს აკრედიტებული დიპლომატები არ უნდა უწყობდნენ. ამაზე გვპასუხობენ, რომ მსგავსი არაფერი ხდება. ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს, ვენის კონვენცია ირღვევა. ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ყველამ უნდა იფიქროს. ვხედავთ, რომ გარკვეული ძალები არსებობენ, რომლებიც ამას მართავენ. საქართველოში ექსტრემიზმს საგარეო მხარდაჭერა ასულდგმულებს. ამის სამწუხარო ფაქტებსაც ვხედავთ. ჩვენი ამოცანა, ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, თუმცა არსებობენ ძალები, რომელთაც საკმაოდ ცივსისხლიანი ინტერესი აქვთ – როგორმე, გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს თავისი როლი მისცენ. ეს გლობალურ სტრატეგიას ეხება და სწორედ ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ამ პროცესზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ვმოქმედებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.