ქვეყანა, რომელიც არ უფრთხილდება საკუთარ ფესვებს, ვერასდროს შექმნის ღირსეულ მომავალს, თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა არის კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ფესვებსა და ისტორიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ერეკლე მეორის ძეგლი თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად გახსნა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ერეკლე მეორე იყო პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო და საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის სათანადო პატივის მიგება ხელისუფლების ვალია.
„სწორედ ერეკლე მეორის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას შენარჩუნებული აქვს რელიგიური და ეროვნული იდენტობა. სწორედ ერეკლე მეორის სიბრძნემ მოგვცა ჩვენ ამის შესაძლებლობა. ის არის პატრიოტიზმის, პრაგმატიზმის, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგვცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხელმძღვანელოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში ერეკლე მეორისთვის, ჩვენი გამორჩეულად საყვარელი მეფისთვის და ამ ძეგლის გახსნა ამ პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულებაა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ თბილისის მცხოვრებლებს განახლებული სკვერის გახსნა მიულოცა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე დედაქალაქზე ზრუნვის გამოხატულებაა და თბილისის მერს, კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
ძეგლის გახსნის ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.