პირადად მე ვფიქრობ, რომ ფრანგი მწვრთნელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ლეგიონერების ალბათ, 95% საფრანგეთში თამაშობს და მან ძალიან კარგად იცის თითოეული ჩვენი მოთამაშე, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით.
კაჭარავას თქმით, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
„თვითონ ისეთი პიროვნებაა, რომელსაც ძალიან აინტერესებს ქართველები. ბევრ ქართველთან უმუშავია. თითოეული ქართველის, როგორც დიდების, ასევე პატარების, რომლებიც ესპუარებში თამაშობენ, ბიოგრაფიები იცის – თუ სად თამაშობენ, როგორ თამაშობენ. ძალიან მშრომელი, მაღალი რანგის პროფესიონალია“, – აღნიშნა დავით კაჭარავამ.
2026 წლის ივნისიდან ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება.

