პროკურატურის მიერ გავრცელებული უმძიმესი კადრების შემდეგ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანის, დემეტრე ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებზე კიდევ ერთ კომენტარს palitravideo.ge -სთანაკეთებს:
“საყოფაცხოვრებო ჩხუბში ვიგულისხმე ბოლო ვიდეოში, სკვერში რომ არის ჩხუბი, იქ ამოვიცანი ჩემი შვილი. დანარჩენ ვიდეოებში დემეტრე ჩიქოვანი არ არის. ამ სკვერის ჩხუბის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი არაფერი, გამომეპარა და ვერ გავიგე რომ სკვერში რაღაც ჩხუბი მომხდარა. ზოგადად დემეტრესთან დაკავშირებით არასოდეს მქონია შემთხვევა რომ კონფლიქტები ჰქონოდა ვინმესთან და ეს ფაქტი გამომპაროდა. არ მქონია შემთხვევა, რომ ვინმე მოსულიყო და ეთქვა, დემეტრემ სადმე იჩხუბა. პოლიციაშიც კი არ დავუბარებივართ არასოდეს…”
შეგახსენებთ, დემეტრე ჩიქოვანის დედამ, გუშინ გავრცელებული კადრების შემდეგ თქვა, რომ ეს იყო “საყოფაცხოვრებო ჩხუბი”, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება.
ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.
პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.
პროკურატურა, სხვადასხვა პირებთან ერთად, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის 5 ეპიზოდის დეტალებზე საუბრობს და ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.
ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
