თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჩახუნაშვილის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ სასამართლოში ძალადობის შედეგად დაშავებული სამართალდამცველი დაკითხა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე საბურთალოს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა დეტალურად გაიხსენა, როგორ ძალადობდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებზე.
„მომიტინგეებს პრეზიდენტის სასახლის ღობე უკვე გადანგრეული ჰქონდათ და შესულები იყვნენ სასახლის ეზოში. სასახლის შესასვლელამდე სანამ მივედით, პოლიციელებს დაგვიწყეს ქვების სროლა, გვირტყამდნენ ჯოხებს. მე პირადად მოვყევი ამაში. პოლიციელებს თავს დაესხნენ, ურტყამდნენ ხელკეტებს, ქვის ფილებს, ერთ-ერთი თანამშრომელი მოგვტაცეს. საშველად მივედი და მეც დამიწყეს რტყმა, დაახლოებით 15 ადამიანი იყო. პოლიციის ჟილეტი მეცვა, რომელსაც წარწერა ჰქონდა. ჟილეტი შემომახიეს, ყვიროდნენ, ფორმა გაიხადეთო. ვინც იქ ვიყავით, ყველას ფორმა შემოგვახიეს. პრეზიდენტის სასახლემდე არ მიგვიშვეს. იცოდნენ, იქ რომ მივიდოდით, ვერ შეძლებდნენ სასახლეში შესვლას და ამის გამო დაგვიწყეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო. რუსეთის მონებს გვეძახდნენ, ბევრი რამე მომხვდა, ჯოხები და ასე შემდეგ. დაზიანებები მქონდა ძირითადად თავში”, – აცხადებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი ლაშა ჯუღელი.
