AC Milan საქართველოში Milan Junior Camp-ს 2026 წელს უკვე მეორედ ატარებს – პროექტმა სტარტი გასულ წელს აიღო და საზოგადოების მაღალი ინტერესის ფონზე მიმდინარე წელს განახლდა.
პროექტის ფარგლებში, 6-დან 15 წლამდე ასაკის ქართველი მოზარდებისთვის, საფეხბურთო კლუბ „მილანიდან“ მოწვეული 3 ოფიციალური მწვრთნელი, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, გამართავენ სავარჯიშო პროგრამას იმ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც “მილანის” ყველა ოფიციალური გუნდისთვისაა გამოყენებული.
AC Milan Camp Tbilisi 17-22 ივნისს გაიმართება. ვარჯიშები საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საფეხბურთო ცენტრში ჩატარდება.
მონაწილეები 6 დღის განმავლობაში AC Milan-ის ოფიციალური პროგრამით საათნახევრიან / 2-საათიან ინტენსიურ ვარჯიშებს გაივლიან. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს.
AC Milan Football Camp-ზე დასასწრები პაკეტის ღირებულება თითოეულ მონაწილეზე 950 ლარს შეადგენს. საფასურში შედის: ტრენინგი, „მილანის“ ოფიციალური სერტიფიკატის გადაცემა და მერჩენდაიზის ფორმა (მაისური, შორტი, გეტრები).
პროგრამის ფარგლებში, წარმატებულ მონაწილეებს ორგანიზატორები მილანში საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად წაიყვანენ, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი წამახალისებელი შესაძლებლობა იქნება.
A.C. Milan-ის პროექტების ერთობლიობა მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ აქტივობებში იმ საფეხბურთო ვარჯიშების საშუალებით, რომლებიც საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ოფიციალურ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მრავალი წელია, „მილანის“ ბანაკები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ტარდება. პროგრამა ყველა მონაწილეს სთავაზობს შესაძლებლობას, გაიზიაროს უნიკალური გამოცდილება – შეიძინოს ახალი მეგობრები, სასიამოვნოდ გაატაროს დრო და ითამაშოს ფეხბურთი სრულიად უსაფრთხო გარემოში, როგორც A.C. Milan-ის სამი სპეციალისტის, ასევე ადგილობრივი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ.
Milan Junior Camp-ის მხარდამჭერია საქართველოში იტალიის საელჩო.
