საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ახალციხის მულტიფუნქციური კომპლექსი დაათვალიერეს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სპორტის კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
მინისტრმა ასევე მოინახულა ახალციხეში მდებარე სპორტული დარბაზი, რომელშიც განთავსებულია კარატეს, შერეული ორთაბრძოლებისა და კიკბოქსის დარბაზები; მ. იაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი; ადგილზე გაეცნო საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის პროცესს.
სპორტკომპლექსი მოიცავს დიდ (33×25 მეტრი) და მცირე (16×7 მეტრი) საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის; მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ. მრავალფუნქციური შენობა საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას ქმნის. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები. ამ ეტაპზე აუზებითა და ფიტნესის დარბაზით 360 ადამიანი სარგებლობს, მათ შორის 124 ბავშვია, რომლებიც შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში არიან გადანაწილებულნი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით სამი თვის განმავლობაში საცურაო აუზებისა და ფიტნესის დარბაზის მომხმარებლები 30%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.
ახალაშენებულ სპორტულ კომპლექსში კრივის, ძალოსნობის, თავისუფალი ჭიდაობისა და ძიუდოს უფასო წრეებიც ფუნქციონირებს; აქ 200-ამდე მოსწავლე ეუფლება სპორტულ უნარ-ჩვევებს, ხუთ სპორტის სახეობაში კი 400-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს.
პროექტის „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა“ ფარგლებში ეს უკვე მეოთხე განხორციელებული პროექტია. პროგრამა ითვალისწინებდა ოთხი სპორტული კომპლექსის მშენებლობას და დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები.
