ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეის ტურნირი მამაკაცთა შორის აშშ-ის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ოქროს მედლისთვის შეხვედრაში აშშ-მა კანადა დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. „ოქროს გოლი“ „ნიუ ჯერსი დევილსის“ მოთამაშემ, ჯეკ ჰიუჯმა გაიტანა.
ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა. ამერიკელები პირველი მესამედის შემდეგ 1:0 იგებდნენ, ხოლო კანადამ წონასწორობის აღდგენა მეორე მესამედში მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მესამედში აშშ-ს ოთხი წუთის განმავლობაში რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, შაიბის გატანა ვერ მოახერხა.
შედეგად, აშშ ჰოკეიში ოლიმპიური ჩემპიონი 1980 წლის შემდეგ პირველად გახდა. ჯამში, ოლიმპიურ თამაშებზე ყინულის ჰოკეიში ამერიკელებს სამი ოქროს, რვა ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული. რაც შეეხება კანადას, ამ ქვეყნისთვის ეს მეხუთე ვერცხლის მედალი იყო. კანადელები ოლიმპიური ჩემპიონები ყველაზე მეტჯერ, ცხრაჯერ გახდნენ, მათ ანგარიშზე ასევე არის სამი ბრინჯაოს მედალი.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ჰოკეიში ბრინჯაოს მედალს ფინეთი დაეუფლა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკეთი 6:1 დაამარცხა.
