პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, ამ ახალგაზრდა ადამიანებმა გმირობის გამორჩეული მაგალითი დაგვიტოვეს და თითოეულმა ქართველმა ამ მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაური, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად პარლამენტში არსებულ ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, იუნკერების გმირობა სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითია.
„იუნკერების გმირობა არის თავდადების, სამშობლოსათვის თავგანწირვის ნამდვილი მაგალითი. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ იუნკერების ხსოვნას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.












