დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“დასანქცირება სასოწარკვეთილი მცდელობაა, როგორმე საქართველოს ხელისუფლება და ხალხი აიძულონ, ქვეყნის დაღუპვის გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასაცილოა იმის წარმოდგენა, თურმე „პოსტივი“ და „იმედი“ ისეთი გავლენიანები არიან, მსოფლიო არენაზე განსაზღვრავენ, თუ ვინ რას იფიქრებს უკრაინის შესახებ.
„ეს ტელეკომპანიები სიმართლეს ავრცელებენ და მათ საქართველოში მშვიდობის დაცვის საქმეში უდიდესი როლი შეასრულეს. სიმართლე ისაა, რომ ეს ორი არხი გამიზნულია ქართული პოლიტიკისთვის, ქართველი მოსახლეობისთვის, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციები მიმართულია ქართველ საზოგადოებაზე. ღიმილის მომგვრელია სანქცირება იმისთვის, რომ თურმე, ეს ორი არხი ხელს უწყობს უკრაინის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს დიდი ტყუილია, ამ არხებზე არავითარი დეზინფორმაცია არასდროს გასულა. ის არხები, რომლებიც მართლაც დეზინფორმაციას ავრცელებენ, ისინიც კი განაგრძობენ საქართველოში ფუნქციონირებას. რატომღაც, დიდი ბრიტანეთი მათთვის ვერ იცლის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ის სახელმწიფოა, სადაც მათი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დეზინფორმაციაზე აგებული ფილმი მომზადდა, რომ საქართველოში „კამიტი“ გამოიყენეს.
„ამ ცრუ ნარატივის გავრცელებისთვის უამრავი ფული დახარჯეს და ახლა ძალიან შეწუხებული და შეშფოთებული არიან, რომ ამდენი დანახარჯის მიუხედავად მათმა დეზინფორმაციამ საწადელს ვერ მიაღწია. დეზინფორმაცია და ტყუილი ძალიან მოკლევადიანი სტრატეგიაა და სიმართლე და ფაქტების რეალურად ასახვა ის სტრატეგიაა, რასაც „პოსტივი“ და „იმედი“ ახორციელებენ. ეს მათი დიდი და მზარდი რეიტინგების საიდუმლოა. დარწმუნებული ვარ, ეს არხები ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ გააგრძელებენ და არავითარი სანქციები არ იქნება ძალა, რომელიც ამ არხების მაუწყებლობას და იმ დიდ საქმეს შეაჩერებს, რომელსაც ეწოდება ამ არხების წვლილი საზოგადოების ინფორმირებულობაში, რაც ამ მღელვარე ეპოქაში უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ სიმართლით შეიარაღებული საზოგადოებაა ის ძალა, რომელიც უპირისპირდება ქაოსს, არეულობას და ომს საქართველოში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
