უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
„ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია“, – აღნიშნა მან და გამორიცხა უკრაინისთვის რუსეთის გაყინული სახსრების გადაცემის შესახებ დისკუსიების განახლების შესაძლებლობა.
ვადეფულმა შეახსენა დამსწრეებს, რომ ევროკავშირმა შეძლო ეპოვა „ძალიან კარგი სათადარიგო ინსტრუმენტი“ – 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი. მან გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია, რომელიც ამ ინიციატივას ბლოკავს.
გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ შეძრწუნებულია უნგრეთის ხელისუფლების ქმედებებით და უარყო კავშირი ნავთობსადენ „დრუჟბათი“ მიწოდების შეწყვეტასა და ბუდაპეშტის გადაწყვეტილებას შორის – დაბლოკოს ევროპული სესხი უკრაინისთვის.
„უნგრეთი ღალატობს საკუთარ ბრძოლას თავისუფლებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა ვადეფულმა.
