ირანი მზადაა, ხელი შეუწყოს პაკისტანსა და ავღანეთს შორის დიალოგს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
არაღჩი ასევე მოუწოდებს მეზობელ ქვეყნებს, უთანხმოებები კეთილმეზობლური ურთიერთობებითა და დიალოგით მოაგვარონ.
„რამადანის კურთხეულ თვეში, რომელიც ისლამურ სამყაროში თავშეკავებისა და სოლიდარობის განმტკიცების თვეა, მიზანშეწონილია, რომ ავღანეთმა და პაკისტანმა არსებული უთანხმოებები კეთილმეზობლობის ფარგლებში და დიალოგის გზით მოაგვარონ. ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა, ნებისმიერი დახმარება გაუწიოს დიალოგის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში“, – წერს აბას არაღჩი.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ პაკისტანმა ავღანეთის ქალაქებზე ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმები განახორციელა. როგორც „ბიბისი“ წერს, ამ დროისთვის ქვეყნებს შორის საზღვარზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა ორივე მხარე მაღალი მზადყოფნის რეჟიმში რჩება. საჰაერო დარტყმების დაწყებამდე პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ ავღანეთის “თალიბანის” პაკისტანს „ღია ომი“ გამოუცხადა.
