კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ირანულ პოლიტიკაზე მსჯელობისას უკანასკნელი 46 წლის მანძილზე ყოველთვის უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ შედგებოდა მხოლოდ ორი პოლუსისგან – ულტრაკონსერვატორ შიიტ კლერიკალთა გაბატონებული კლასისგან და დაჩაგრული, მარგინალიზებული ან ემიგრაციაში განდევნილი სეკულარისტებისგან. პრეზიდენტი მოჰამად ხათამის ფენომენს ამ სქემის კორექტირებას ახდენს.
მოჰამად ხათამი ( محمد خاتمی) რომელიც ამჟამად 82 წლისაა, ირანის პრეზიდენტი იყო 1997-2003 წლებში. მანამდე იგი კულტურის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა, 1982 – 1992 წლებში. იგი თავად წარმოსდგებოდა შიიტური სასულიერო წრეებიდან და ცნობილია როგორც სწავლული და ინტელექტუალი. მისი პოლიტიკური პლატფორმა ზომიერ ლიბერალიზაციას და რეფორმებს გულისხმობდა. იგი წინააღმდეგი იყო პროფესორ სამუელ ჰანტინგტონისეული „ცივილიზაციათა შეჯახების“ თეორიის აბსოლუტიზაციისა და ნაცვლად ამისა როგორც ირანის, ისე შუა აღმოსავლეთის და დასავლეთის საზოგადოებას სთავაზობდა ცივილიზატორული გადატვირთვის, ასევე ცივილიზატორული დიალოგის მოდელს. სწორედ მისი გავლენით გაერომ 2001 წელი “ცივილიზაციათა დიალოგის“ წლად გამოაცხადა.
ხათამი, როგორც პრეზიდენტი მხარს უჭერდა გამოხატვის თავისუფლებას, ტოლერანტობას, ირანში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სასიცოცხლო სივრცის შენარჩუნებას და კონსტრუქტიულ დიპლომატიურ ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, როგორც აზიის ქვეყნებთან, ისე ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იგი შეხვდა რომის პაპს, იოანე პავლე II-ს. მოგვიანებით ხელი ჩამოართვა და ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტ მოშე კატსავს, მას შემდეგ, რაც ბამის 2003 წლის ძლიერი მიწისძვრის გამო ირანის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განუცხადა ისრაელს შეთავაზების პასუხად რაიმე დახმარების მიღებაზე. შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტთან შედგა რომის პაპის, იოანე პავლე II-ის დაკრძალვაზე, როდესაც საუბრისას ხათამიმ გამოთქვა ისრაელის აღიარების და ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების სურვილი. რამდენადაც ცნობილია, ყუმის და მაშჰადის აიათოლათა „მძიმე არტილერია“ ისრაელს დღემდე რეგიონის სიმსივნედ განიხილავს და მის ამოკვეთაზე, პოლიტიკური რუკიდან წაშლაზე საუბრობს. ამ შეხვედრის გამო ხათამი კონსერვატორებმა სასტიკად გააკრიტიკეს.
ამრიგად, სწორედ ხათამი იყო ირანის “მშვიდობის პარტიის” სახე. სამწუხაროა, რომ ირანული პოლიტიკა წავიდა არა მოაზროვნის, ინტელექტუალის და ჰუმანისტ-პოლიტიკოსის, მოჰამად ხათამის, არამედ დემაგოგის და საკმაოდ ცუდი ჯიშის პოპულისტ-პროვოკატორის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის გზით, ( ყველანაირი ჰაბიტუსით, თავზე აეროდრომი-კეპით გვიანსაბჭოთა პერიოდის თბილისის რომელიღაც აღმოსავლეთ გარეუბანში მცხოვრებ „გაზიკის“ შოფერს რომ წააგავს) რამაც ხელი შეუწყო ომის პროგრამირებას, დააყენა რა კატასტროფის წინაშე ირანის მართლაც უდიდესი, კულტუროსანი ერი.”



