„ნაცმოძრაობას“ და მის დანაწევრებულ პარტიებს არანაირი სცენარი და გეგმა არ გააჩნიათ, ამას თავადაც ამბობენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები თუ მიიღებენ ხელისუფლების ჩანაცვლების გადაწყვეტილებას, სათავეში ეროვნული ძალები მოვლენ და არა „ნაციონალური მოძრაობა“.
„ბოკუჩავას მორწმუნეობაზე ვერაფერს გეტყვით, მისი პარტიის წევრები ეკლესიის მიმართ როგორი ზიზღით გამოირჩევიან, გადახედონ თავიანთ ისტორიას. ახლა ბოკუჩავამ მორწმუნეები როგორ უნდა მოატყუოს. მილიონზე მეტი ადამიანი, რომელიც სამების საკათედრო ტაძართან იდგა მზეში და წვიმაში ახლა ბოკუჩავას სიტყვებით მოტყუვდება?! ამ ჭკუის რომ არიან ზუსტად, იმიტომ აქვთ ეს პრობლემები და ბოლომდე ექნებათ. თქვენ თუ გულისხმობთ „ნაცმოძრაობას“ და მის დანაწევრებულ პარტიებს, მათ არანაირი სცენარი და გეგმა არ გააჩნიათ, ამას თავადაც ამბობენ. ვერც რევოლუციას აწყობენ და ვერც არჩევნებში იმარჯვებენ, რადგან ორივე შემთხვევაში საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. თავად აღიარებენ, რომ ეს ხალხი დგას იმ ნარატივზე, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, მიუხედავად პოლიტიკური მხარდაჭერისა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდება, ამიტომ შედარება არ შეიძლება.
„უნგრეთის მაგალითი აქ მოსატანიც არაა. საერთოდ, ბატონი მადიარის პოლიტიკური მრწამსი 2-3 წლის წინ ერთი-ერთში იყო ის, რაც ჰქონდა ორბანს და ახლაც ასე დარჩა. უბრალოდ იქ იყო პოლიტიკური დაპირისპირება და უნგრულმა საზოგადოებამ ისევ კონსერვატორული ძალა აირჩია, ოღონდ უფრო სხვა მიმართულებით. ეს არის და ეს. უნგრელ საზოგადოებას არ აურჩევია ის ძალა, რომელიც გამოვიდოდა და იტყოდა, გაუმარჯოს ლგბტ მიმართულებას, გეი აღლუმებს მოვაწყობთ უნგრეთში, რუსეთს დავუპირისპირდებით და ა.შ. ვნახეთ მადიარის განცხადებები. მადიარი რუსეთთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე საუბრობს, ასევე, კონსერვატორულ მიმართულებაზე, საქართველოსთან დაკავშირებით მეგობრობაზე საუბრობს და ა.შ. ასე რომ, ჩერგოლეიშვილი იქნება თუ სხვა, სიზმრებში რას ნახულობენ, ვერ გეტყვით. „ნაცმოძრაობა“ დღე და ღამესავით განსხვავდება მადიარის პარტიისგან, გამომდინარე მათი პრინციპული მიდგომებიდან. „ქართულ ოცნებას“ თუ მოუწევს, და ბუნებრივად ოდესმე მოუწევს, ჩანაცვლება, აუცილებლად ჩანაცვლდება ისევ ეროვნული ძალებით. როგორც უნგრეთის, ისე საქართველოს საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ჩაანაცვლოს ხელისუფლება, თუმცა გარწმუნებთ, ეს არც ერთ შემთხვევაში არ იქნება არც „ნაცმოძრაობა“ და არც მათი პარტიები. ესენი იქნებიან ეროვნული ძალები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.
