იმისთვის, რომ ირანმა მონაწილეობა მიიღოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტარდება, ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფიფასგან გარანტიები მოითხოვა, რათა თავიდან იქნას აცილებული ქვეყნის ოფიციალური და სამხედრო ინსტიტუტების „შეურაცხყოფა“.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტოს (IRNA) მიერ გავრცელებულ განცხადებებში, მეჰდი თაჯმა მსოფლიო ჩემპიონატში ირანის ნაკრების მონაწილეობის საკითხი ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან შეხვედრას და დელეგაციის მიმართ „აბსოლუტურ პატივისცემას“დაუკავშირა.
ირანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილი არ უნდა ჰქონდეს შეურაცხყოფას, განსაკუთრებით „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიმართ, რომელსაც ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
„ჩემპიონატში მონაწილეობის კუთხით, ჩვენ პრობლემა არ გვექნება, თუ რაიმე სახის შეურაცხყოფას არ მოგვაყენებენ“, – დასძინა თაჯმა და გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ინციდენტების შემთხვევაში, პასუხი „პროპორციული“ იქნება და ნაკრები, შესაძლოა, „ქვეყანაშიც კი დაბრუნდეს“.
ფედერაციის ხელმძღვანელმა გაიხსენა ბოლოდროინდელი ეპიზოდი კანადაში, სადაც, თაჯის მტკიცებით, საიმიგრაციო სამსახურებმა მას „შეურაცხყოფა“ მიაყენეს. თუმცა, როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინებოდა, ქვეყნიდან მისი დეპორტირების მიზეზი გახდა წარსულში „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრობა, რომელიც კანადაში 2024 წლიდან ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
თეირანის მოთხოვნების მიუხედავად, ირანის ნაკრების მატჩების განრიგი ფიფამ უცვლელად დატოვა, თუმცა საფეხბურთო დელეგაციის ქვეყანაში შესვლა მასპინძელი სახელმწიფოების (აშშ, კანადა და მექსიკა) საიმიგრაციო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.
ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიანიშნა, რომ ფეხბურთელებს ქვეყანაში შესვლის უფლება მიეცემათ, თუმცა ფედერაციის ტექნიკურ პერსონალს აშშ-ში შესვლა, შესაძლოა, „რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ სავარაუდო კავშირების გამო აეკრძალოს.
ირანი, რომელიც თებერვალში აშშ-სთან დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში იმყოფება, მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც, მასთან ერთად ასევე შედიან შედიან ბელგია, ეგვიპტე და ახალი ზელანდია.
მსოფლიო ჩემპიონატის 23-ე გათამაშება 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება და მასში პირველად მიიღებს მონაწილეობას 48 გუნდი. ერთბაშად სამ ქვეყანაში ჩემპიონატი ასევე პირველად ჩატარდება.
https://www.rtp.pt/noticias/mundial-2026/irao-exige-garantias-a-fifa-para-participar-no-mundial_d1739283
