DRG სისტემა მიღებულია მთელ ევროპულ ქვეყნებში. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მოქნილი სისტემაა, რომელიც მუდმივად მზარდია, – განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“.
ლომინაძის თქმით, თუ 15 წლის წინ ჯანდაცვის დაფინანსება იყო 200 მილიონამდე, დღეს 1.5 მილიარდია.
„პროგრამები ყოველწლიურად იზრდება. ონკოლოგია, ფსიქოტროპული მედიკამენტები, ეს ყველაფერი დღეს სრულად ფინანსდება ჯანდაცვის უზარმაზარი ბიუჯეტით. ეს ჩვენმა მთავრობამ თავის თავზე აიღო და ამას ვასრულებთ.
რეფერენტული ფასების შემოღება ეტაპობრივად მოხდა. ჯერ იყო 3 ათასი მედიკამენტი, შემდეგ 7 ათასი. დღეს, საქართველოს ბაზარზე არის დაახლოებით 10 ათასი მედიკამენტი, რჩებოდა ის 3 ათასი, რომელზეც, სამწუხაროდ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასის მკვეთრი ზრდა მოახდინეს, რაც ვერ დაბალანსდა იმ 7 ათასი მედიკამენტით, რომელზეც რეფერენტული ფასი დაწესდა“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.
