დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო, ავტოკეფალიური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამებაში, საეკლესიო კრების დაწყებამდე.
მისივე თქმით, თანამედროვე ცხოვრების ქარტეხილების, დიდი ისტორიული გამოცდილებისა და ღვთივგამორჩეული პიროვნებების ღვაწლის ფონზე განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა არჩევანი ღვთისა და ერის წინაშე.
„ამავდროულად ეს მოვალეობა გვაძლევს ძალასა და იმედს, რომ უფლის შეწევნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ყოველთვის იყო ერის გამაერთიანებელი, ჭეშმარიტი რწმენის, ქართული ერის, ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ამ გზით გააგრძელებს სვლას.
მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ შეკრებით, მშვიდობითა და ერთობით ვაგრძელებთ ეკლესიისა და ერისთვის მსახურებას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ.
საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალიური, მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათოლიკოსს გამოარჩევენ.
