ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა – კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია.
“კარფური”, “სპარი”, “მაგნიტი”, “კალათა”, “უნივერსამი”, “გუდვილი”, “ზღაპარი”, “ნიკორა”, “ლიბრე” და “აგროჰაბი” – კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.
“ნიკორაში” აცხადებენ, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე სპეციალურ ფასებს, ეტაპობრივად, სხვადასხვა კატეგორიაში დანერგავს. კომპანიის ინფორმაციით, ფასდაკლების კამპანია ძირითადად ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებს შეეხება და ყოველკვირეულად განახლდება.
“შევადგინეთ პროდუქტების სია, რომელიც არის ყოველდღიური მოხმარების და ამ პროდუქტების გაიაფებაზე და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა ჩვენს მომწოდებლებთან. ამ აქციის ფარგლებში, მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს შევთავაზებთ, იქნება ეს ბაკალეა, ხორცპროდუქტები, რძე, კვერცხი და ა.შ.
განახლებული ფასების აქცია ყოველკვირეულად სხვადასხვა კატეგორიას შეეხება. ეს კონკრეტული აქცია არის სოციალური კალათის პრინციპით, რაც ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო პროდუქტებს გამოყოფს და მასზე განსაკუთრებულ ფასებს გვაძლევს“, – აცხადებს “ნიკორას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე ჭელიძე.
