ლიგა 1-ის ოცდამეცხრე ტურის გადადებულ მატჩში პსჟ-მ გასვლაზე უახლოესი მდევარი „ლანსი“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 2:0 დაამარცხა და ქართველი „პარი სენ ჟერმენთან“ ერთად მეორედ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემტევი შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, თუმცა პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ტომასონს ჯერ საფონოვმა, შემდეგ ზაბარნიმ არ გაატანინა. “პარიზელებმა” კი შანსი გამოიყენეს – რისერის კარი დემბელეს პასით კვარაცხელიამ დალაშქრა. მერე დემბელეს დარტყმული მეკარემ მოიგერია. ბოლოს აგილიარს შეეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა საფონოვი.
ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ლუის ენრიკემ ბარკოლა ვიტინიათი შეცვალა. მეორე ტაიმი „ლანსის“ იერიშებით დაიწყო და საფონოვმა სიმას დარტყმებისას კიდევ ორჯერ გადაარჩინა პარიზული გუნდი. 72-ე წუთზე ხვიჩას ნაცვლად მოედანზე რამუში შევიდა. მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ, სიმამ ბურთი ძელს გაარტყა, სანგარეს გატანა მეკარემ არ დაანება, სამაგიეროდ კომპენსირებულ დროში მბაიემ გაიტანა და პარიზულმა გუნდმა გაიმარჯვა.
კვარაცხელიას ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 46 მატჩში 19 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
პსჟ 17 მაისს, ბოლო ტურში გასვლაზე „პარიზს“ დაუპირისპირდება.
ლანსი. „ბოლარ დელელისი“
ლანსი – პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (29), 0:2 მბაიე (90+4)
