ევროპელი და დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, მას შემდეგ რაც ის ირანის კრიზისიდან კვლავ უკრაინაზე და ომის დასრულებაზე გადაერთო. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპი საფრანგეთში ჩასვლისას კარგ განწყობაზე იყო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ყველაფერი „კარგად“ მიმდინარეობდა, შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მეგობრულ შეხვედრაზე გაემგზავრა.
შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული საკითხის დასრულების შემდეგ ყურადღებას უკრაინის ომის მოგვარებაზე გადაიტანს – ომზე, რომლის დასრულებასაც ის 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს 24 საათში ჰპირდებოდა.
„ახლა, როცა ეს საკითხი დასრულდა, ჩვენ ამას მივუბრუნდებით და ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა მისი მოგვარება. ყოველ თვე 25 ათასი ადამიანი იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები. ეს არ უნდა ხდებოდეს“, – თქვა ტრამპმა მაკრონთან შეხვედრისას.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, კულუარებში ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც აღარ არის დაკავებული ირანის კრიზისის ყოველდღიური მართვით, შესაძლოა, კვლავ მოინდომოს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კონტროლის დამყარება, ევროპა პროცესებს ჩამოაშოროს და შეაფერხოს მათი სტრატეგია, რომელიც რუსეთის მიმართ მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას და უკრაინის სრულ მხარდაჭერას გულისხმობს.
„ტრამპის ყურადღების გაფანტვა სულაც არ იყო ცუდი რამ“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელიც ანონიმურად საუბრობდა.
