„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები საფრანგეთის ქალაქ ევიანში იმ მოლოდინით ჩავიდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ირანისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე მწვავე დაპირისპირება ელოდებოდათ. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
თუმცა, შეხვედრების პირველი სრული დღის შემდეგ ლიდერები აღმოჩნდნენ მოულოდნელად უფრო ოპტიმისტურ განწყობაზე. მათივე შეფასებით, თეთრ სახლთან ურთიერთობები ნაკლებად დაძაბულია და ასევე შემცირდა შიში იმის შესახებ, რომ მომდევნო თვეში თურქეთში დაგეგმილი ნატოს კრიტიკული სამიტი, შესაძლოა, ჩავარდეს, წერს გამოცემა.
აღნიშნულის მიზეზად სახელდება ტრამპის მზარდი მზადყოფნა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინაში. თუმცა ტრამპს სჭირდება მოკავშირეების მხარდაჭერა ირანთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სტაბილიზაციისთვის.
როგორც ჩანს, ფორმირდება შესაძლო შეთანხმების კონტურები: ტრამპი მხარს უჭერს ევროპას უკრაინის საკითხში, სანაცვლოდ კი ევროპა ეხმარება მას ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში – სტრატეგიულ საზღვაო მარშრუტში, რომლის დახურვამ ირანთან კონფლიქტის დროს ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, – წერს გამოცემა.
„ჩვენ შორის და ასევე აშშ-ის პრეზიდენტთან გამართული საუბრები, როგორც ოფიციალურ შეხვედრებზე, ისე არაფორმალურ კონტაქტებში, გარკვეულ ოპტიმიზმს იძლევა“, – ციტირებს გამოცემა გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს.
დიპლომატების თქმით, ზედმეტი ოპტიმიზმი ჯერ ნაადრევია, რადგან ტრამპს წარსულშიც არაერთხელ შეუცვლია პოზიცია უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ისინი იზიარებენ გერმანიის ლიდერის შეფასებას ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა „დიდი შვიდეულის“ არაერთ ლიდერთან.
შეხვედრებში მონაწილე ხუთმა დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა, რომლებიც POLITICO-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, აღნიშნა, რომ დახურულ კარს მიღმა განხილვების შემდეგ გარკვეული შვება აშკარად იგრძნობოდა.
