ევროკავშირმა კრემლთან კონტაქტის დამყარება დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ახალი იმპულსი ეძლევა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას დაქვემდებარებაში მყოფმა ოფიციალურმა პირებმა აქტიური ნაბიჯები გადადგეს კავშირების დასამყარებლად, რაც მიზნად ისახავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჩართვას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში.
„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომუნიკაციის არხების გასახსნელად ხანმოკლე კონტაქტები შედგა, თუმცა არსებით საკითხებზე მსჯელობა არ ყოფილა“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
კრემლთან კავშირის დამყარების მცდელობა, რომლის შესახებაც პირველად სააგენტო Bloomberg-მა განაცხადა, მოჰყვა დონალდ ტრამპის პოზიციის შეცვლას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რაც პუტინზე ზეწოლასა და ევროპელებისთვის უფრო დიდი როლის მინიჭებას გულისხმობს.
