აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ „შეცდომები ხდება“, როდესაც საქმე ეხებოდა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ დღეს ირანულ სკოლაზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ დარტყმისთვის ადმინისტრაციაში არავის პასუხისგებაში მიცემას არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„არა. თუ ეს ვინმეს ბრალი იყო, როგორც იცით, საკითხი გამოძიების პროცესშია. ძალიან უცნაურია ამ ეტაპზე ასეთი კითხვის დასმა, როდესაც საუბარია დიდი ხნის წინანდელ ამბავზე, თუმცა ეს განზრახ არავის გაუკეთებია. … რას იტყვით იმ ათასობით ჯარისკაცზე, რომლებიც მათ ააფეთქეს, როდესაც მანქანის კარი გააღეს? რას იტყვით ირანის მიერ მოკლულ ათასობით ადამიანზე? არა, შეცდომები ხდება“, – განაცხადა ტრამპმა დიდი შვიდეულის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპმა დასძინა, რომ „ომი სასტიკი რამ არის“, აღნიშნა, რომ ინციდენტს თავდაცვის დეპარტამენტი იძიებს და დამატებითი კითხვების მისამართად თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტზე მიუთითა.
28 თებერვალს, აშშ-ის სამხედროებმა შემთხვევით დაარტყეს ირანულ სკოლას. თავდასხმის შედეგად, სახელმწიფო მედიის ცნობით, სულ მცირე 168 ბავშვი და 14 მასწავლებელი დაიღუპა, რაც, სავარაუდოდ, სიახლოვეს მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზის შესახებ მოძველებული ინფორმაციის ბრალი იყო.
სამხედროების პირველადი გამოძიების თანახმად, ქალაქ მინაბში მდებარე „შაჯარეჰ თაიბას“ სკოლაზე დარტყმა მაშინ განხორციელდა, როდესაც აშშ-ის არმია მეზობლად მდებარე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ობიექტს ბომბავდა.
