საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან კომუნიკაციის არხების გახსნის გამო ევროკავშირი გააკრიტიკეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამით ევროპის ორი უმსხვილესი ქვეყნის ლიდერები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილისგან განსხვავებულ პოზიციაზე აღმოჩნდნენ.
ბრიუსელში გამართულ სამიტზე, რომელიც 2010 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გარეშე, მაკრონმა და მერცმა მკაცრად გააკრიტიკეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მცდელობები კრემლთან დიალოგის აღდგენის მიმართულებით. ამის შესახებ ხუთმა ევროკავშირის დიპლომატმა და ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლებიც დახურულ შეხვედრაზე მიმდინარე განხილვებს იცნობენ. აღსანიშნავია, რომ სხვა ლიდერების ნაწილმა კოშტას მხარი დაუჭირა.
როგორც გამოცემა იუწყება, დაპირისპირებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ევროკავშირის შიგნით არსებული უთანხმოება რუსეთის მიმართ პოლიტიკისა და იმის შესახებ, თუ ვინ უნდა წარმოადგენდეს ევროპას მოსკოვთან ურთიერთობაში.
მიუხედავად ამისა, რუსეთის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიციის მქონე რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, ასევე დანიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები, მაკრონისა და მერცის პოზიციას დაეთანხმნენ. სამი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ზოგიერთმა მათგანმა კოშტას მიმართ უპრეცედენტო უკმაყოფილებაც გამოხატა.
