აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება პირველივე დღეს შეეძლო, რომ არა რუსი გენერალი, რომელმაც ტანკები კიევისკენ „ჭაობების გავლით“ გაგზავნა. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, ის, რაც მოხდა, უბრალოდ გასაოცარია. ომი, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა დასრულებულიყო. არ ვიცი, იცით თუ არა ეს ამბავი, მაგრამ როდესაც ის დაიწყო, პუტინს ჰქონდა ასობით ტანკი, რომლებიც გზატკეცილზე მიდიოდნენ. გზატკეცილი, ბეტონის, ძალიან კარგი გზატკეცილი, კლდესავით მაგარი, პირდაპირ კიევისკენ. იქ იქნებოდა სამ საათში, თუ იმოძრავებდა საათში 80 კილომეტრი სიჩქარით, რაც დაახლოებით ტანკის მაქსიმალური სიჩქარეა“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთს ტანკების დიდი კოლონა ჰყავდა.
„და მათ ჰყავდათ ვიღაც გენერალი, რომელიც, ალბათ, უკვე აღარ არის ჩვენთან. მან გადაწყვიტა, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ კიევში წასულიყო და ომი პირველივე დღეს დაესრულებინა – მგონი, ეს ისტორია არავინ იცის – რომ მინდვრებისა და ჭაობების გავლით ევლო. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, ძლიერი წვიმა იყო და ეს ტანკები ტალახში გაიჭედა“, – დაამატა პრეზიდენტმა.
მან გაიმეორა, რომ უკრაინას გადასცა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები „ჯაველინი“, რომლებმაც ეს ტანკები გაანადგურა.
„მე ისინი მანამდე მივეცი, სანამ ეს მოხდებოდა. მაგრამ იცით, არის ასეთი გამოთქმა, რადგან ამბობენ: „ოჰ, თქვენ ისე კარგად ეპყრობით რუსეთს“. მე რუსეთს კარგად არ ვეპყრობი. მე ძალიან მკაცრი ვიყავი რუსეთის მიმართ. მე ძალიან მკაცრი ვიყავი ჩინეთის მიმართ, ყველაზე მეტად. სწორედ ამიტომ მცემენ პატივს. მე კარგი ურთიერთობა მაქვს ამ ხალხთან, მაგრამ მათ [უკრაინელებს] „ჯაველინები“ მივეცი და ეს ტანკები განადგურდა“, – აღნიშნა მან.
მისი ვერსიით, „ტანკები რიგში ჩადგნენ და რამდენიმე დღის განმავლობაში არ განძრეულან“.
„შემდეგ კი ისინი [უკრაინელები] მოვიდნენ მათ გასანადგურებლად. ტანკები პრაქტიკულად ქვიშის მორევში აღმოჩნდნენ. ეს იყო ტალახი, როგორც ქვიშის მორევი. მათ გადაადგილება არ შეეძლოთ. გენერალს უბრალოდ რომ… აი, რატომ არის ომი ყოველთვის სარისკო. ამ გენერალს უბრალოდ პირდაპირ ბეტონის გზით რომ ევლო, ისინი კიევში იქნებოდნენ ოთხ საათში და უკრაინა ამას ვერაფერს მოუხერხებდა. ეს ომი ერთ დღეში დასრულდებოდა. ეს ოთხი-ნახევარი წლის წინ მოხდა. ასე რომ, ეს იყო საშინელი შეცდომა. როდესაც მათ [უკრაინელებმა] გაანადგურეს ყველა ეს ტანკი, ამან მათ თავდაჯერებულობა შემატა“, – დასძინა მან.
