უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის კულტურის მინისტრის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს როსტისლავ კანდეევს ბრალი წაუყენა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურორზე რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, კანდეევი, რომელიც 2023-2024 წლებში უკრაინის კულტურის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, საზღვარგარეთ გასტროლების საფარქვეშ უკრაინელ მამაკაცებს ქვეყნიდან აპარებდა, რათა ისინი ომში არ წაეყვანათ.
დოკუმენტებში მამაკაცები მუსიკალური ჯგუფების წევრებად იყვნენ გაფორმებული, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.
თავდაპირველად უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მამაკაცებს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცა. მოგვიანებით სასაზღვრო სამსახურს კულტურის სამინისტრომ წერილი გაუგზავნა, რომელშიც სთხოვდა, რომ მამაკაცებისთვის უფლება მიეცათ საზღვარი გადაეკვეთათ.
შედეგად, რვა ადამიანმა უკრაინა დატოვა და დღემდე სამშობლოში არ დაბრუნებულა.
