მოლდოვაში Moldova Pride-ის ფესტივალი იმართება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ფესტივალი, რომელიც 16 ივნისიდან მიმდინარეობს, კიშინეუში დღეს ლგბტ-აღლუმით დასრულდება.
გამოცემის ცნობით, ფესტივალის სლოგანია „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული სლოგანით ორგანიზატორები ყურადღებას ამახვილებენ სამართლებრივ დაცვაზე, თანასწორობასა და ადამიანის ღირსებაზე.
ფესტივალის პროგრამაში შედის კულტურული ღონისძიებები, საზოგადოებრივი დისკუსიები, შეხვედრები და აქციები.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, Moldova Pride-ის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, კიშინეუში ხმაურიანი სკანდალი მოხდა. ქალაქის ცენტრში წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაანგრიეს ინსტალაცია, რომელიც 17 წლის წინ მხატვარმა შტეფან რუსუმ შექმნა.
აღნიშნული შენობა, რომელიც დედაქალაქის კულტურის სამსახურთან მდებარეობდა, მრავალი წლის განმავლობაში არაფორმალურ საგამოფენო სივრცედ და შეხვედრების ადგილად გამოიყენებოდა.
დედაქალაქის მერმა, ოპოზიციური პარტიის „ეროვნული ალტერნატიული მოძრაობის“ ლიდერმა, იონ ჩებანმა დემონტაჟი სკვერის რეკონსტრუქციით ახსნა. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ აღნიშნულ სივრცეში ტარდებოდა ლგბტ თემატიკის ღონისძიებები. ჩებანმა გაიხსენა შარშანდელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც კიშინეუს საქალაქო საბჭომ, მისი ინიციატივით, ლგბტ-საზოგადოების ღონისძიებები აკრძალა.
საპასუხოდ, სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველი ორგანიზაციის, Genderdoc-M-ის პროგრამების კოორდინატორმა, ანჟელიკა ფროლოვამ განაცხადა, რომ ინსტალაციას არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც ფესტივალთან და არც აღლუმთან. მან მერი საზოგადოებრივი აზრის პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირებაში დაადანაშაულა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ლგბტ თემა მოლდოვაში კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ 20 ივნისს „ოჯახის აღლუმი“ გამართა. პარტიის ლიდერმა, იგორ დოდონმა განაცხადა, რომ ისინი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არიან“.
ფესტივალის მთავარი ღონისძიება აღლუმია, რომელიც კანონით კვლავ აკრძალულად ითვლება. შარშან არასანქცირებული აქცია მხოლოდ პოლიციის დაცვით გაიმართა.
უფლებადამცველებმა მერიის გადაწყვეტილება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციად შეაფასეს. სახელმწიფო კანცელარიამ საქალაქო საბჭოსა და მერს აკრძალვის გაუქმება მოსთხოვა, თუმცა იონ ჩებანმა ამაზე უარი განაცხადა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ კანონით აღლუმის აკრძალვა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს და არა – მერიას.
როგორც წინა წლებში, ექვსდღიანი ლგბტ ფესტივალი ძირითადად დახურულ სივრცეებში ჩატარდა, სადაც გარედან მოხვედრა რთული იყო.
მედიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ანტიპრემია „ემალირებული თასის“ გადაცემის ცერემონია, დააჯილდოვეს პოლიტიკოსები, რომლებიც ჰომოფობიურ რიტორიკას ავრცელებენ.
მოლდოვის განვითარების პარტნიორობის ცენტრის 2025 წლის სოციალური დისტანციის ინდექსის კვლევის მიხედვით, ლგბტ-საზოგადოება ქვეყანაში კვლავ ყველაზე მეტად გარიყულ სოციალურ ჯგუფად რჩება. ექსპერტები ამას წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის რიტორიკის გაძლიერებას უკავშირებენ.
