პუტინს თუ ნამდვილად სურს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინამ შესთავაზა, ან სამშვიდობო შეთანხმება, შეუძლია ზელენსკის ნომერი იპოვოს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
სიკორსკის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უშუალოდ ვოლოდიმირ ზელენსკსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნდა გაიმართოს და მესამე მხარის შუამავლობა საჭირო არ არის.
„პირადად მე ვფიქრობ, რომ უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირ აწარმოონ მოლაპარაკებები. ისინი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლისა და სამხედრო ტყვეების საკითხებზე. არის საკითხები, რომლებშიც ჩვენ მათზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისი თქმით, ევროპა კონფლიქტში ნეიტრალური მხარე არ არის.
„ჩვენ, ევროპელები, ამ ორ მხარეს შორის ნეიტრალურები არ ვართ. ჩვენ აგრესიის მსხვერპლის მხარეს ვართ. რუსეთი კი აგრესორია. თუ პუტინს ნამდვილად სურს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც უკრაინამ შესთავაზა, ან სამშვიდობო შეთანხმება, მას შეუძლია იპოვოს ზელენსკის ნომერი“, – განაცხადა სიკორსკიმ.
სიკორსკის შეფასებით, შესაძლოა, რუსეთმა „სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ“ ოპერაცია მოაწყოს ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმის საბაბისთვის.
„არ გამოვრიცხავ, რომ რუსებმა სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ რაიმე სახის ოპერაცია მოაწყონ რუსეთის ტერიტორიაზე, რათა ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაზე დარტყმისთვის საბაბი ჰქონდეთ“,– განაცხადა სიკორსკიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს.
„ჩვენ უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ ვიცით, რას გეგმავს და არ მივცემთ საშუალებას, მოგვატყუოს. ეს სრულიად მიუღებელი იქნება და ჩვენ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიკორსკის შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგობის უნარმა რუსეთს ამ ეტაპზე არ მისცა საშუალება, საკმარისი რესურსები დაეგროვებინა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ეფექტური სამხედრო ოპერაციისთვის.
„უკრაინამ შავ ზღვაში ნამდვილად გაიმარჯვა. რუსეთს უკრაინის თავზე საჰაერო დომინირება არ აქვს. მას შეუძლია რაკეტებისა და დრონების გაშვება, მაგრამ უკრაინის თავზე თავისუფლად ფრენა არ შეუძლია“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, ფრონტზე ვითარება შეიცვალა და რუსეთის ინიციატივის პერიოდი, შესაძლოა, დასრულდა.
„სახმელეთო ომი ჩიხშია შესული და როგორც ჩანს, უკრაინამ დონბასიდან ყირიმამდე მიმავალ სტრატეგიულ გზაზე ცეცხლის კონტროლი მოიპოვა. ომები არასდროს ვითარდება სწორხაზოვნად, ისინი სხვადასხვა ფაზას გადიან. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ინიციატივის ფაზა დასრულდა“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
