პოლონეთის ოპოზიციური ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ (PiS) ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, დაბლოკოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
როგორც გამოცემა Financial Times წერს, კაჩინსკის რიტორიკა მკვეთრად განსხვავდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პოლიტიკისგან, რომელმაც 25 ივნისს გდანსკში უკრაინის აღდგენის ორდღიანი კონფერენცია გახსნა.
ამასთან, 2 დღით ადრე კაჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ გადაცემულ მედალს უკან დააბრუნებდა, რაც მისი დამოკიდებულების ნიშანი იქნებოდა „არა უკრაინელების, არამედ უკრაინული ელიტის მიმართ“.
FT ასევე წერს, რომ პარტია „სამართალი და სამართლიანობა“, როგორც ჩანს, უკვე ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც პოლონეთში 2027 წლის ოქტომბერში გაიმართება. გამოცემის აზრით, კაჩინსკის სურს მოიპოვოს იმ პოლონელი ფერმერების კეთილგანწყობა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტით, ისევე როგორც სხვა პოლონელების, რომლებსაც სულ უფრო მეტად აშინებთ უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.
