უკრაინის სასაზღვრო სამსახური არ აპირებს ოდესის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე შეშვებას. ამის შესახებ glavcom.ua უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ოლეგ სლობოდიანიმ განუცხადა.
„კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. მოქალაქეს, რომლის პასპორტის მოქმედებაც გაუქმებულია, უკრაინის საზღვრის გადასახვა არ შეუძლია. თუკი ადამიანს მოქალაქეობას ჩამოართმევენ, მისი პასპორტი მოქმედი აღარ არის,“- განაცხადა უკრაინელმა მესაზღვრემ.
ამასთან, მან დასძინა, რომ ასეთი პირების დაკავება მისი უწყების კომპეტენცია არ არის და ეს ნაციონალური პოლიციის საქმეა.
27 ივლისს სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს.
„მე უკრაინაში 13 წელი ვიცხოვრე და სამ რევოლუციაში ვმონაწილეობდი. მე მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობა მაქვს და მას არ დავთმობ. სხვაგან წასვლას და სტატუსის შეცვლას არ ვაპირებ,“- განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.
26 ივლისს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.