ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. სწორედ ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი და მტკიცე პოზიცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ უსაფრთხოების გამოწვევად რჩება.
„ჩვენ ვიცით, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს ოკუპაციის გავლენა ცალკეული ადამიანებისთვის, ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოლიდარობას, საერთაშორისო სამართლის პატივისცემასა და იმ პრინციპების ურყევ ერთგულებას, რომლებზეც მშვიდობიანი და უსაფრთხო საერთაშორისო წესრიგი უნდა იყოს დაფუძნებული. მივესალმებით ყველა რეალურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებასა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, მშვიდობის, რომელიც გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს დაეფუძნება. საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
