ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანზე განხორციელებული იერიშები და მისი „ბირთვული ობიექტების“ განადგურება რომ არა, „დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“.
ნეთანიაჰუმ გაიხსენა 14 წლის წინანდელი გამოსვლა, როდესაც მან გაეროს ასამბლეის ტრიბუნიდან „წითელი ხაზი გაავლო“ და პირობა დადო, რომ „ირანის მკვლელ დიქტატურას ატომური ბომბისა და ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას არ მისცემდა“.
ისრაელის ლიდერის თქმით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის გადაწყვეტილება „ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნაბიჯი იყო“, რაც კი პრემიერ-მინისტრის რანგში მიუღია.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი დღეს იმ ქვეყნების უმეტესობასაც იცავს, რომელთა დელეგატებმაც „ახლახან დატოვეს დარბაზი“.
ნეთანიაჰუმ აღნიშნული ქვეყნები თვალთმაქცობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ მათი ლიდერების დიდმა ნაწილმა „პირად საუბრებში მადლობაც კი გადაუხადა ისრაელს ირანის ბირთვული საფრთხის განეიტრალების გამო“.
