ირანი მზად არის, აშშ-სთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უარი თქვას 60%-მდე გამდიდრებულ ურანზე, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ფეზეშქიანის თქმით, თეირანი მზად არის შეასრულოს საერთაშორისო სამართლისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებით (NPT) გათვალისწინებული ვალდებულებები.
„დიახ. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, გაუვრცელებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩვენ შევასრულებთ ყველაფერს, რაც ჩვენი ვალდებულებაა“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ირანს აშშ-სთან შეთანხმების მიღწევა სურს და ომის გაგრძელებას არ ისახავს მიზნად. მისი თქმით, თეირანი მზად არის, ივნისში მიღწეულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განაახლოს.
ირანის პრეზიდენტმა აშშ-ს მოუწოდა, ივნისის მემორანდუმს ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე დაუბრუნდეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს.
