საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის, – წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის.
„მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი – მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და საქართველოს არჩევანი ამ უმძიმესი გამოწვევის მშვიდობიანი გზით გადაჭრაა.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, განვითარებასა და ქვეყნის მზარდ როლზე საერთაშორისო ასპარეზზე საუბარი მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო ბიზნესისთვისაც და დამატებითი სტიმული საქართველოში მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად.
საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას აქვს დიდი ისტორია, საკუთარი ხმა და უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
საამაყოა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე შენი ქვეყნის ხმა ღირსეულად ისმის“, – წერს იონათამიშვილი.
