თბილისის საქალაქო სასამართლოში მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა ელენე ჩხაიძემ ბრალდება წაიკითხა და განაცხადა, რომ პაპიძის პირადი ჩანაწერი, რომელიც დედამთილმა იპოვა და გამოძიებას გადასცა, კალიგრაფიული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სწორედ მაგდა პაპიძის გაკეთებულია.
სხდომაზე ასევე აჩვენეს ფოტომასალა, სადაც ულტრაიისფერი სხივებით ჩანს, რომ სახლში იყო დიდი რაოდენობით სისხლის კვალი. პროცესზე აჩვენეს გარდაცვლილები, რასაც დარბაზში მყოფი ომარ ქაფიაშვილის ნათესავების ტირილი მოჰყვა, მაგდა პაპიძემ კი თვალებზე ხელი აიფარა და კადრებს არ უყურა.
გთავაზობთ ნაწყვეტებს საქმის პროკურორის ელენე ჩხაიძის სიტყვიდან:
“მაგდას ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა ოთარ ბერძენიშვილთან და უნდოდა მისი ცოლი გამხდარიყო. ცდილობდა მისგან დაორსულებას, რომ ახალი ოჯახი შეექმნა. მას არ სურდა, ქმარ-შვილის მიმტოვებელი ქალი სახელი ჰქონოდა, ამიტომ ყველაზე სასტიკი გზა აირჩია და გადაწყვიტა, ეს გაეკეთებინა ისე, რომ მკვლელობა სხვას დაბრალებოდა და თვითონ მგლოვიარე ცოლის სახელი ჰქონოდა. ამისთვის ის ჯერ ყიდულობს უროს, რომლითაც გადაწყვეტილი აქვს ქმრისა და შვილის მკვლელობა… ოთარ ბერძენიშვილის ჩვენების მიხედვით, იმავე დღეს, მაგდა პაპიძე ხვდება ოთარ ბერძენიშვილს და აფრთხილებს, რომ მის მეუღლეს აქვს ვიღაც კაცებთან პრობლემები, შესანახად გადასცემს თავის ოქროულობას და მობილურ ტელეფონს და აფრთხილებს, რომ იმ დღეს ოთარმა არ დაურეკოს. პარალელურად, ალიბი რომ შეიქმნას, თურქეთში უგზავნის დედას მესიჯს, რომ ომარმა ხელი დაარტყა, წაიღო ოქრო და წავიდა…