სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელ დათა ახალაიას, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და შსს-ის ყოფილ მოადგილეს ამირან მესხელს ამხელს. ყოფილი მაღალჩინოსნის საქმე, რომელშიც ზურაბ ჟვანიაც ფიგურირებს, – თემაზე გიორგობიანი გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ საუბრობს.
„ეგენი ვაჭრობდნენ ქაღალდებით, მაშინდელი უშიშროების მინისტრის ვანო მერაბიშვილი და საკონსტიტუციო სამსახურის მთელი ეს ბრიგადა კურირებდნენ დაახლოებით 22 ფირმას, რომლებიც ვაჭრობდნენ მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებით კოკოითის ხელისუფლებასთან და ამით ხაზინიდან დაახლოებით ყოველწლიურად იპარავდნენ შვიდი მილიონ ხუთასი ათას დოლარს. ჩემთან მოვიდნენ და საექსპორტო ნებართვაზე მთხოვდნენ ხელის მოწერას. ჩვენს სამინისტროში მოვლენილმა ოდეერმა მოიყვანა ვიღაც ქალბატონი, რომელმაც მითხრა, რომ ამას საჩქაროდ უნდა საექსპორტო ნებართვა. მე ვუთხარი, – შემოიტანოს განცხადება და მივცემთ ნებართვას-მეთქი. ვიდრე მე დოკუმენტები არ ვნახე, ეს ქალი მეორე დილით, მისაღებში დამხვდა და მკითხა იყო თუ არა მზად, რაზე მივუგე – „ქალბატონო, უნდა ვნახოთ ჩვენ დოკუმენტები რაშია საქმე და ამის შემდეგ მოგცემთ როგორც წესი და რიგია-მეთქი“. მე ბუღალტერიიდან მოვითხოვე დოკუმენტები და რომ ამომიტანეს იქ დამხვდა, რაღაც აბსურდული ნაწერი, ვითომ ფული ცხინვალში იყო გადახდილი, ცხინვალის ბლანკებზე იყო რაღაცები შევსებული… თითქოს ხე მოჭრეს ცხინვალში. არადა, ეს ის დროა, როცა სამი, ჩემი შვილის ტოლა ახალგაზრდა ცხინვალის მისადგომებთან 2 კვირით ადრე მოკლეს. 2004 წლის მაისში დავინიშნე თანამდებობაზე. გიყვებით 2004 წლის ივნისის ამბავს. აღმოჩნდა, რომ ვითომ რესურსი უნდა მოეპოვებინათ ცხინვალში, თითქოს რესურსის მოსაკრებელს იხდიდნენ ცხინვალის ეროვნულ ბანკში (ამაზე ფილმებია გადაღებული) და, აღმოჩნდა, რომ ესენი პატრონობდნენ რამდენიმე ფირმას, რომელიც საქართველოს ხაზინას ძარცვავს, ვუთხარი, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. ამ საქმის კვალი მივიდა ახალაიამდე, მერაბიშვილამდე და მესხელამდე.
ამის შემდეგ აგვისტოში ჩავედი ბათუმში, როდესაც მთავრობის გასვილითი სხდომები იყო იქ. ამ ყველაფრის შესახებ ვუამბე ზურაბ ჟვანიას, დოკუმენტები ვაჩვენე, ვუთხარი, არის ასეთი ვითარება და მე ამას არ გავაკეთებ-მეთქი. მან ტელეფონი აიღო და ესაუბრა ვანო მერაბიშვილს. მათ შორის ძალიან ცუდი ლაპარაკი შედგა – აგინა ჟვანიამ მერაბიშვილს. ზურამ ჰკითხა – ეს რა არისო და მერაბიშვილმა როგორც ჩანს უარყო, რაზეც ჟვანიამ უთხრა, – აგერ არის გიორგობიანი, ყველა საბუთი მაჩვენაო.
ამის შემდეგ დაახლოებით სამ კვირაში, ერთი კაცი დაიჭირეს, ციხეში ჰყავდათ ორი კვირა, რაღაც ჩვენება დააწერინეს ჩემს წინააღმდეგ, იმ კაცმა ბოლომდე ვერც მოიტყუა და დაწერა, რომ ტელეფონით დამირეკა, ზუსტად ვერ გავიგე რა მითხრაო… ეს ჩათვალეს იმის საფუძვლად, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც საქმე აღეძრათ. ეს კაცი გამოუშვეს ციხიდან და სადღაც 10 დღეში გარდაიცვალა ინფარქტით“, – იხსენებს ბიძინა გიორგობიანი.
