ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ტყის ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში, შესაძლოა, ვერტმფრენი ჩაერთოს.
მისივე ვარაუდით, ხანძრის ლოკალიზება სავარაუდოდ, დღეს საღამოს მოხდება.
როგორც თორნიკე გვაზავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 220 მეხანძრე-მაშველთან ერთად, ადგილზე სატყეო სააგენტოს 80 თანამშრომელი მუშაობს.
„ხანძარი ალაგ-ალაგ ლოკაციებზეა გაჩენილი. ყველანაირად ვებრძვით, ლოკალიზაციისკენ ჯერ ვერ მივდივართ, მაგრამ საღამოსკენ ვფიქრობთ და თუ საჭირო იქნება, ვერტმფრენიც ჩაერთვება“, – აღნიშნა თორნიკე გვაზავამ.
მისივე ინფორმაციით, ტყეში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ძირითადად, წიფლის ჯიშის ხე-მცენარეებია გავრცელებული და იშვიათი სახეობის ხეები არ გვხვდება.
„ხეებს რაც შეეხება, ძირითადად, ძირნაყარი და ნარჩენი იყო და მაგას უკიდია ცეცხლი. ცეცხლის დიდი კერები არ არის, დაკვამლიანებაა. რაც შეეხება გამწვავების საფრთხეს, ეს ქარზეა დამოკიდებული, ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებ, უფრო ნათელი სურათი საღამოს გახდება ცნობილი. ძალიან რთული რელიეფია და სადამდეც ტექნიკა გაწვდება, იქამდე მიდის და შემდეგ ცოცხალი ძალა მუშაობს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა.
თორნიკე გვაზავას ვარაუდით, ხანძარი შესაძლოა, როგორც ნადირობის სეზონის, ისე ადამიანის დაუდევრობის გამო გაჩნდა, თუმცა მისივე თქმით, რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.